ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
        და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
            ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
        აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
             ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
         ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
               სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
          მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
                ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ
          სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
                 იყვნენ ოდესღად და მიეძინათ
          ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
                  მას შემდეგ ბედი და იალქანი
           ქარის სიმძიმით გადაიხარა,
                   შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
           რისთვის ან ვისთან? არ ვიცი, არა!
                   ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
            ეს იყო ვერხვის ფოთლების კვნესა,
                     დრომ ყვავილებით დააგვირგვინა,
            მე აჟი ვიყავ, ის კი პრინცესა.

 

 

       

                                        

            მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
     ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
           ძვირფასო! მოსვლა რად გაგიძნელდა?!
     ძვირფასო! რისთვის დაიგვიანე?!
           ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
     ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
           მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
     და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
           ისე გაივლის წამება, ოხვრა,
      შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
           მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
     მოხვალ და ვიცი მომეფერები!
          თუმცა იქნება ღამე წვალების,
     ღამე სასტიკი და ულმობელი.
         და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
     ჩემი თვალები ისევ მოგელის...

 

 

                     

 

 

 

 

 

 

 

        

თქვენზე      ცნება მომძალებია,
     მე შევიყვარე თქვენზე ფიქრები.
             რომ მახარებენ, ეს ფიქრებია
     და ამ ფიქრების მონა ვიქნები.
             სუნთქვაა ჩემი ეგ თქვენი თმები,
      მიმოფერილი ოქროსფერებით.
              მინდა გეფეროთ, მოგეალერსოთ
      ძლიერი, მაგრამ ნაზი ფერებით.
               ჩემი სითბოა თქვენი ღიმილი,
       სევდას რომ ხატავს ლამაზა ბაგეზე.
               ბავშვური წყენა გადაგფენიათ
       უზომოდ ნათელ, რძისფერ სახეზე.
               თქვენი ცრემლები წვიმაა ჩემი.
        ჩემი ზეცაა თვალები თქვენი.
               ეგ თქვენი მზერა სილამაზეა
        აუწერელი უთქმელი ენით.
               თქვენდამი გრძნობა მიწაა ჩემი.
        არა. არ ძალმიძს მე უმისობა.
               თქვენს სიყვარულში დავიმარხები,
         მივებარები მარადისობას.
              გთხოვთ მაპატიოთ, გთხოვთ მომიტევოთ,
         შემინდოთ რომ მწვავს ვნების ალები.
               უკანასკნელად მოგეფერებით,
         მერე ღრუბლებში დაგემალებით.

 

 

             

                                  

ზოგჯერ მინდება,გავამხილო მეც ჩუმი დარდი,
ხანდახან მინდა,მხოლოდ ის ვთქვა,რაც მიხარია...
ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,
მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...
სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...
ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...
ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან.

 

 

 

 

                                                                                      

 

Hosted by uCoz